ლექციები და სემინარები მიგრაციისა და ეკონომიკის საკითხებზე

მიგრაცია ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს თუ პირიქით, მის შეფერხებას? შესაძლებელია თუ არა, რომ მიგრანტების გამგზავნმა და მიმღებმა ქვეყნებმა მიიღონ სარგებელი მიგრაციული პროცესებისგან და სათანადოდ თავიდან აიცილონ მისი ნეგატიური შედეგები? ამ და მსგავს საკითხებზე სასაუბროდ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი და პროექტი ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში), მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით ატარებენ მიგრაციის ზამთრის კვირეულს. კვირეულის ფარგლებში გაიმართება ორი სემინარი და ორი ლექცია თემაზე „ემიგრაციისა და იმიგრაციის გავლენა ეკონომიკაზე - საქართველოსა და საერთაშორისო პერსპექტივა“. 2014 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც წარმოადგენს შეთანხმებას, მთავრობასა და აკადემიას შორის მიგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის ტექსტი მომზადდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის პროექტ GOVAC-ის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მიგრაციის ზამთრის კვირეული ჩატარდება თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (აისეტი), 2015 წლის 8-11 დეკემბერს. განხილული იქნება ქართველი სტუდენტებისა და მიგრაციის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის საინტერესო საკითხები, როგორიცაა საერთაშორისო მიგრაციის მიმართულებები, ემიგრაციისა და იმიგრაციის გავლენა წარმოშობისა თუ მიმღები ქვეყნების ეკონომიკაზე, ფულადი გზავნილები, დემოგრაფიული ცვლილებები, შრომის ბაზარი, ინტელექტისგადინება და შემოდინება. ლექციებისა და სემინარების მიზანია დაინტერესებულ პირებს გააცნოს მიგრაციისა და ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულება, ამ თვალსაზრისით არსებული პერსპექტივები. ლექციებს და სემინარებს გაუძღვებიან ცნობილი მკვლევარები დოქ. ალექსი გუგუშვილი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან და დოქ. ბიაჯო სპეციალე პარიზის სორბონის უნივერსიტეტიდან.

პროექტ ENIGMMA-ს მიგრაციის ზამთრის კვირეული არის პროექტის საზაფხულო სკოლისა (2015 წლის ივნისი-ივლისი) და მიგრაციის შემოდგომის კვირეულის გაგრძელება. საზაფხულო სკოლის დროს პროექტის გუნდმა და მოწვეულმა ლექტორებმა მონაწილეებს გააცნეს მიგრაციის კვლევის მეთოდოლოგია, რაც მათი აზრით, მნიშვნელოვანი და დროულია ქართველი სტუდენტებისათვის. აღნიშნული ღონისძიებები გამიზნული იყო საკითხით დაინტერესებული სტუდენტებისათვის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა (მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები) და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის. 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი