დოკუმენტების გაყალბების გამოვლენის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

 მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანაორგანიზებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისთვის 2 დეკემბერს ბათუმის იუსტიციის სახლში ჩატარდა ტრენინგი ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამოვლენის საკითხებში.

ტრენინგი წარმოადგენდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფო უწყებების შესაძლებელობათა ზრდაზე, რათა გამოავლინონ სავარაუდო გაყალბების ნიშნები სამოქალაქო სტატუსისა და საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტების წარმოების პროცესში. ტრენინგს უძღვებოდა თურქეთში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი, დოკუმენტების ექსპერტი იან ფოტერინგემი. ღონისძიება ჩატარდა სასაზღვრო პოლიციის და სასამართლო ექსპერტიზის თანამშრომლებისთვის ორგანიზებული ერთკვირიანი სწავლების ფარგლებში, რომლის დაგეგმვისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დასავლეთ საქართველოს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რაიონებზე.

ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს უცხოური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების სათანადო შემოწმების მნიშვნელობა უცხოელთა საქართველოში რეგისტრირებისას, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საქართველოს ევროპასთან მზარდი ინტეგრაციისა და ქვეყნის მიმზიდველობის ზრდის ჭრილში.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მეტი მეტისთვის“ ფარგლებში.

 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი