მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომა

2015 წლის 30 ნოემბერს გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მე-14 სხდომა, რომელზეც შეიკრიბნენ კომისიის წევრი უწყებების და საკონსულტაციო სტატუსის მქონე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომაზე მიღებული იქნა შემდეგი დოკუმენტები: მიგრაციის რისკების ანალიზის კონცეფცია, მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგია და მიგრაციის პროფილი 2015. აღინიშნა, რომ მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, რომელიც გადის საბოლოო შესწორებებს კომისიის წევრი უწყებების მხრიდან, უნდა დასრულდეს წლის ბოლომდე, რათა გახდეს მიგრაციის სტრატეგიის დოკუმენტის ნაწილი. სხდომის მონაწილეებმა, ასევე განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის საკითხები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. კომისიამ გადაწყვიტა, რომ მომდევნო სხდომაზე განიხილავს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განახლებულ PR პროდუქტებს (საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით), და ამით უზრუნველყოფს წევრი უწყებების ჩართულობას პროცესში.

სხდომის დასასრულს, მონაწილეებმა იმსჯელეს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მსურველ ახალ არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩართვის გზებზე და გადაწყვიტეს, შესთავაზონ აღნიშნულ ორგანიზაციებს საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება (კომისიის სამდივნოს კოორდინირებით), რომელზეც წარმოდგენილი იქნება სხდომის მიმდინარეობისას განხილული საკითხები. კომისიის მომდევნო, რიგით მე-15 სხდომა გაიმართება 2015 წლის 22 დეკემბერს.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი