მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის იუსტიციის სახლში მიგრაციის სამთავრობო კომისიის რიგით მე-13 სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, დღევანდელი სხდომა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის წინ უსწრებს საქართველოში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირის შემფასებელი მისიის ვიზიტს. ევროკავშირის შემფასებელი მისია ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს უნდა ჩამოვიდეს.

„დღეს მიგრაციის სამთავრობო კომისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სხდომაა, მანამ, სანამ სექტემბრის ბოლოს ბრიუსელიდან შემფასებლების ახალი მისია ჩამოვა. რიგის სამიტის შემდგომი პროცესი გულისხმობს მორიგი ვალდებულებების ბოლომდე შესრულებას საქართველოს მიერ, მათ შორის, მიგრაციის სფეროში, რათა ბრიუსელში დეკემბერში, ვიმედოვნებთ, მიღებული იყოს დადებითი გადაწყვეტილება სავიზო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებზეც ისაუბრა, კერძოდ, მიგრაციის რისკების ანალიზსა და ანალიტიკურ სისტემაზე მიგრაციის სფეროში. მინისტრის განცხადებით, მიგრაციის რისკებს უნდა აანალიზებდეს ყველა ქვეყანა, რომლებიც სავიზო საზღვრებს ხსნიან ევროკავშირის ქვეყნებთან. „ეს დოკუმენტი განსაზღვრავს, რა რისკები შეიძლება არსებობდეს როგორც შემომავალ, ისე გამავალ ნაკადებში, რომ საბოლოოდ იმ ქვეყნებსაც არ შეექმნათ პრობლემები, რომლებთანაც ჩვენ სავიზო საზღვრები არ გვექნება“, − განაცხადა მან.

რაც შეეხება ანალიტიკურ სისტემას მიგრაციის სფეროში, მის შექმნაში ამ თემებზე მომუშავე უწყებები ჩაერთვებიან. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახურები, იუსტიციის და სხვა სამინისტროები ერთობლივად იმუშავებენ იმისათვის, რომ მიგრაციის ნაკადების შესახებ უწყებებს შორის ინფორმაცია გაიცვალოს და ეს ინფორმაცია გადამუშავდეს, რათა სწორი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული“.

კომისიის სხდომაზე მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგია, აგრეთვე, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი განიხილეს. ღონისძიების მონაწილეებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობის შესახებაც იმსჯელეს; განიხილეს მიგრაციის სამთავრობო კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ უფრო მეტად ჩართულობის საკითხი.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია 2010 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ის მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისია 12 სახელმწიფო უწყებას აერთიანებს და მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი