სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის სხდომა

2015 წლის 7 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის რიგით მეთერთმეტე გაფართოებული სხდომა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.

სხდომაზე საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა განიხილეს, რომელიც სახელმწიფომ 2015 წლიდან დაიწყო. პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა, მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო მომსახურების გასაწევად, გრანტის სახით კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე განაწილდა.

შეხვედრის ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს 3 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. შეხევდრაზე ასევე წარმოდგენილ იქნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოქმედი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის „მობილურობის ცენტრის“ მიერ განხორციელებული საქმინობის ანგარიში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და „სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის“ საქმიანობაში მონაწილე სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეხვედრა გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან აქტიური თანამშრომლობით.
 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი