საკოორდინაციო შეხვედრა მიგრაციის საკითხებზე

2015 წლის 24 ივლისს, სასტუმრო „რედისონ-ივერიაში“ გაიმართება მიგრაციის სფეროში შემავალი პროექტების რიგით მე-5 საკოორდინაციო შეხვედრა. ამგვარ სპეციალიზირებულ საკოორდინაციო შეხვედრებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო აწყობს წელიწადში ორჯერ, რომლის დროსაც განიხილება საქართველოში, მიგრაციის სფეროში მიმდინარე, დასრულებული და დაგეგმილი პროექტები.

აღნიშნული შეხვედრების დროს, ევროკავშირის და/ან სხვა დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში ჩართულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს და კომისიის წევრ უწყებებს საშუალება ეძლევათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია სფეროში არსებულ სიახლეებზე, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები პარტნიორ ორგანიზაცებთან და ამგვარად მინიმუმამდე დაიყვანონ თემატური გადაფარვებისა და დუბლირებების ალბათობა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებულ ქმედებას და კოორდინაციის მაღალ ხარისხს.

ღონისძიების მსვლელობისას მონაწილეებს მიეცემათ საშუალება შეაჯამონ დასრულებული და წარმოადგინონ ახალი პროექტები. ამავდროულად, შეხვედრის ფარგლებში გაიმართება აზრთა ურთიერთგაცვლა და საერთო პოზიციების ჩამოყალიბება ახალ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით. შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სამდივნო ანახლებს ე.წ. საპროექტო მატრიცას, რომელიც ქვეყნდება მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ვებ–გვერდზე.
 

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი