მთავრობამ მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების წესი დაამტკიცა

2015 წლის 16 ივლისს საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირებისა და ადმინისტრირების წესი დამტკიცდა. მთავრობის დადგენილების მიზანი მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ბაზისა და ანალიტიკური სისტემის შექმნაა, რაც აუცილებელია მიგრაციული პროცესების მართვისათვის. დოკუმენტი განსაზღვრავს მონაცემთა წარდგენასა და ანალიზზე პასუხისმგებელ უწყებებს. დადგენილების თანახმად, სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. სისტემა შეძლებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შესახებ არსებული მონაცემების შეგროვებას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიგრაციის ტენდენციების დადგენა და სათანადო ანალიზის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მიგრაციის სფეროში სწორი პოლიტიკის დაგეგმვას.

მიგრაციული პროცესების მართვა გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნათა გათვალისწინებით საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყანას უკვე აქვს მიგრაციიის სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 15 მარტს დაამტკიცა.

ეფექტური მიგრაციული პოლიტიკის განხორციელება მხოლოდ სრული და კარგად გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზეა შესაძლებელი, მიგრაციული პროცესების მართვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად კი, მნიშვნელოვანია მონაცემთა შეგროვება მიგრანტთა სტატუსის შესახებ.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი