ევროკავშირის პროექტ „ENIGMMA”-ს ტრენინგი მიგრაციის ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის

გასულ კვირას საქართველოს ესტუმრნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც ტრენინგი ჩაუტარეს მიგრაციის სფეროს ახალგაზრდა ქართველ სპეციალისტებს. ტრენინგი მიზანად ისახავდა საქართველოს განვითარების მხარდაჭერას, განსაკუთრებული აქცენტით მიგრაციის მართვასა და კვლევებზე.

ექსპერტები, რომლებიც წარმოადგენდნენ გაერთიანებული სამეფოს ოქსფორდის უნივერსიტეტს, ნიდერლანდების მაასტრიხტის უნივერსიტეტთან არსებულ მართვის უმაღლეს სკოლას, ავსტრიის ლუდვიგ ბოლცმანის ადამიანის უფლებების ინსტიტუტსა და ვენის უნივერსიტეტს, საფრანგეთის სორბონის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, და ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს, შეიკრიბნენ ყვარელში, რათა ჩაეტარებინათ თეორიული თუ პრაქტიკული სწავლება ოცდაათი ქართველი სტუდენტისთვის საერთაშორისო მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

სტუდენტები ყვარელში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. საზაფხულო სკოლაში თავი მოიყარეს სტუდენტებმა საქართველოს უნივერსიტეტებიდან და ასევე, ქართველმა სტუდენტებმა ავსტრიის, საბერძნეთის, ფინეთის, ნორვეგიის, შეერთებული შტატების სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ახალგაზრდა პროფესიონალები. სემინარები და ლექციები გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირი, მედია და მიგრაცია, მიგრაციის ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები და მიგრაცია, კვლევის მეთოდოლოგიები. კურსი შემუშავდა და განხორციელდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას სათაო ოფისით ვენაში და ერთ-ერთი წარმომადგენლობით საქართველოში, თბილისში.

საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელისა და პროგრამის მენეჯერის ვიოლეტა ვაგნერის თქმით: „საზაფხულო სკოლა იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ახალგაზრდა ქართველი სტუდენტებისა და სპეციალისტებისათვის, მიეღოთ ცოდნა მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისგან მიგრაციის სფეროში. რამდენადაც კარგად შეძლებს საქართველო, მართოს იმიგრაციული და ემიგრაციული პროცესები, იმდენად წარმატებულად განხორციელდება თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რაც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს.“

მაასტრიხტის უნივერსიტეტთან არსებული მართვის უმაღლესი სკოლის მიგრაციის მეცნიერებათა კურსის ხელმძღვანელის დოქტორ მელისა სიგელის სიტყვებით: „მიგრაციის ეფექტიანი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის და მისი წარმატებული ურთიერთობებისათვის ევროკავშირთან. ამდენად, საზაფხულო სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია საქართველოსთვის, ვინაიდან მან ქვეყანას მიაწოდა ძირითადი ბირთვი მიგრაციის მომავალი სპეციალისტებისა, რომელთაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის წინსვლაში“.

საზაფხულო სკოლა გაიმართა ყვარელში, სასტუმრო „როიალ ბატონში“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში მიგრაციის მენეჯმენტის განვითარების მხარდაჭერა“ (ENIGMMA) ფარგლებში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით. მეორე საზაფხულო სკოლა ზემოხსენებული პროექტის მეშვეობით მოეწყობა 2016 წლის ზაფხულში.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი