საქართველო და ევროკავშირი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ხელშეკრულება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“, რომელსაც ხელი 1996 წელს მოეწერა და ძალაში 1999 წელს შევიდა. ხელშეკრულება არეგულირებს ურთიერთობებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პოლიტიკური დიალოგი, ვაჭრობა, ინვესტიციები, ეკონომიკა, კანონმდებლობა და კულტურა.

2003 წელს შემუშავდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთდაახლოების პროცესის მხარდაჭერას.

საქართველოზე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა გავრცელდა 2004 წლიდან, ხოლო 2006 წლის 14 ნოემბერს ხელი მოეწერა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმას, რომელშიც ასახულია თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები, მათ შორის სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხები. საქართველო წარმატებით ახორციელებს ზემოხსენებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ რეფორმებს.

2007 წლის ნოემბერში შეიქმნა სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტი.

2009 წლის 7 მაისს, ქ. პრაღაში გამართულ სამიტზე საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას და ხელი მოეწერა შესაბამის ერთობლივ დეკლარაციას. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და მისი ევროპელი მეზობელი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა, რომლის მიზანია ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება და უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაცია, ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება და ხალხთა შორის კონტაქტების განვითარება.

ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მოიცავს თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებს. თანამშრომლობის მრავალმხრივი ფორმატი მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების დამატებით შესაძლებლობებს იძლევა. საქართველო ახორციელებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორმხრივ და მრავალმხრივ საგზაო რუკებს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილია რეფორმები მიგრაციასთან დაკავშირებულ სფეროებში.

2009 წლის ნოემბერში, ევროკავშირის 16 სახელმწიფომ და საქართველომ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ევროკავშირის „პარტნიორობა მობილობისათვის“ ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ. „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივა მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ერთობლივ ბრძოლასა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობას. შესაბამისად, იგი ითვალისწინებს თანამშრომლობას მიგრაციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შრომითი მიგრაცია, რეადმისია, რეინტეგრაცია, დიასპორა, დოკუმენტების უსაფრთხოება, შრომის ბაზარი და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების საკითხები. „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარება ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას, მათ შორის ე.წ. „ცირკულარული მიგრაციის“ საშუალებით.

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობების გამოყენების მიზნით ორმხრივი ხელშეკრულებითი ურთიერთობების განვითარება. ცირკულარული მიგრაცია იძლევა ერთი მხრივ, ქვეყნიდან ინტელექტუალური რესურსის გადინებისა და მეორე მხრივ, მათი ადგილზე არაეფექტიანად გამოყენების თავიდან არიდების შესაძლებლობას. ამასთან, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ევროკავშირის 2011 წლის ინიციატივის - „გლობალური მიდგომა მიგრაციისა და მობილურობის შესახებ“ ფარგლებში (Global Approach to Migration and Mobility) შემდეგი მიმართულებებით: ლეგალური მიგრაციის მართვის გაუმჯობესება და მობილურობის ხელშეწყობა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია და შემცირება, მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის გაძლიერება.

2013 წლის 29 ნოემბერს ქ. ვილნიუსში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მესამე სამიტის ფარგლებში, მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ამბიციური და ინოვაციური, ე.წ. „ახალი თაობის” შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DC FTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს მათ შორის მიგრაციის კუთხითაც. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს.

2014 წლის 26 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა ასევე მიიღეს ასოცირების დღის წესრიგი, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული სხვა მნიშვნელოვანი ოფიციალური დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

პუბლიკაცია საქართველო-ევროკავშირს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის საკვანძო მოვლენების შესახებ

საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგი / სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა

ევროკავშირის მიერ შემუშავებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგის წარმართვის ძირითად ინსტრუმენტს.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრისა და თავისუფალი მიმოსვლისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამოქმედო გეგმის მიზანი იყო, რომ განესაზღვრა საქართველოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები და ის აუცილებელი პირობები, რომელთა შესრულება უნდა მომხადრიყო გეგმის ფარგლებში.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მოიცავდა ოთხ ბლოკს, რომლებიც, თავის მხრივ, შედგებოდა ორი (საკანონმდებლო და იმპლემენტაციის) ფაზისაგან. თითოეულის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და ქვეყნის მზადყოფნას შემდგომი ნაბიჯებისათვის განსაზღვრავდნენ ევროკავშირის საგანგებო შემფასებელი მისიები, რომლებიც შესაბამის ანგარიშებში იძლეოდნენ კონკრეტულ რეკომენდაციებს. საქართველოში ასეთი მისიების 22 ვიზიტი განხორციელდა და მომზადდა 4 ანგარიში მიღწეული პროგრესის შესახებ. შედეგად, ქვეყანამ 2014 წელს სამოქმედო გეგმის 1-ლი ფაზა დახურა, 2015 წლის18 დეკემბერს კი- მე-2.

2016 წლის 9 მარტს ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება N 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილება ითვალისწინებდა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებთან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეუძლიათ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა. ევროკავშირის ინსტიტუტებში დაახლოებით 1 წლიანი განხილვების შემდეგ 2017 წლის 2 თებერვალს ხსენებული წინადადება დამტკიცდა ევროპარლამენტის მიერ, ხოლო 27 თებერვალს კი, ევროკავშირის საბჭოს მიერ. რამდენიმე დღეში (1 მარტი) განახლებულ რეგულაციას უკვე ხელი მოეწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ, რის შემდეგაც 8 მარტს იგი გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. 2017 წლის 28 მარტიდან კი, საქართველოს მოქალაქეები პირველად გაემგზავრნენ უვიზოდ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

ევროკომისიის ანგარიში ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის მეოთხე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში

ევროკომისიის მეოთხე ანგარიშის თანმხლები სამუშაო დოკუმენტი „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი დავალებების შესრულების შესახებ"

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება

ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის ხელშეკრულება მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რა პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრები პირების სამშობლოში რეადმისია. ხელშეკრულება ეფუძნება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში ასახულ პრინციპებს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება

2011 წლის 1 მარტიდან ძალაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებები. სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიებს უმარტივებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ვიზის მიღებას, ამცირებს ან აუქმებს ვიზის საფასურს, ასევე აწესებს უვიზო მიმოსვლას დიპლომატებისათვის. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაცია.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი