საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება

საქართველოს მოქალაქეობის დადგენა

საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება:

  • პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომლის ორივე მშობელი უცნობია, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.

გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევიან:

  • 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
  • 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ 1-ელ და 2-ე პუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

დაინტერესებული პირი განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით წარადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში; ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირი – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

საქართველოს მოქალაქეობის დადგენა ხდება:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას;
  • დაბადების რეგისტრაციისას;
  • საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირის რეგისტრაციისას;
  • საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ დასკვნის მოთხოვნისას.

დასკვნას საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ნატურალიზაციით

ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით, რაც დასტურდება პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სახეებია:

  • საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;
  • საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;
  • საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;
  • საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება სრულწლოვან პირს, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში;
  • დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
  • დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;
  • საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისას ჩამოთვლილი პირობებიდან მე2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ქმედუუნარო პირებზე, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნები იმ პირებზე, რომელთა ფიზიკური ნაკლის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს. მე-4 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისას.

არასრულწლოვან პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა ან თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.

საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება.

გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში. ზემოაღნიშნულ პირობასთან ერთად, მას მოეთხოვება საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნა.

საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:

ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის:

ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი;

ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი;

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა;

გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

დაინტერესებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა,საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:

  • არამართლზომიერად;
  • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;
  • მშობლის/მშობლების არჩევნის შედეგად.

აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის დაინტერესებული პირი დადგენილ ფარგლებში უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.

აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას პირს არ მოეთხოვება დადგენილ ფარგლებში სახელმწიფო ენის ცოდნა, თუ მას საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეუწყდა. აღნიშნული მოთხოვნა, ასევე, არ ვრცელდება ქმედუუნარო პირისა და იმ პირის მიმართ, რომლის ფიზიკური ნაკლის გამო შეუძლებელია შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნულ მოთხოვნას.

დაინტერესებული პირი განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით წარადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირი – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის მეშვეობით, ვებგვერდიდან: http://intpass.cra.ge.

საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

მოქალაქეობის მოპოვებისა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.sda.gov.ge; www.psh.gov.ge; www.centri.gov.ge.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი