მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შესაბამისი დოკუმენტები

მოქალაქეობის არმქონე პირი არის პირი, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.

მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსს ადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. სტატუსის დადგენის მიზნით დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს ან საზოგადოებრივ ცენტრს.

სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს 2 ფოტოსურათი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი საბუთი, რომლითაც შესაძლოა დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. წარსადგენი დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, განცხადებაში უნდა მიეთითოს დოკუმენტის არქონის მიზეზი.

განცხადებაში უნდა აღინიშნოს სტატუსის მაძიებლის შემდეგი ძირითადი მონაცემები:

საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, ხოლო შეცვლის შემთხვევაში – შეცვლამდე არსებული სახელი და გვარიც, წინა მოქალაქეობა, სქესი, დაბადების ადგილი და თარიღი, დედის ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი);

  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე და ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის ადგილი და თარიღი, გამცემი ორგანო);
  • ოჯახური მდგომარეობა, ქორწინების თარიღი, შვილების მოქალაქეობა და დაბადების ადგილი, მეუღლის (ყოფილი მეუღლის) სახელი, გვარი და მოქალაქეობა;
  • ბინადრობის ქვეყნები და ამ ქვეყნებში ბინადრობის პერიოდი;
  • განათლება;
  • სამუშაო ადგილი;
  • ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ეთვლება.

მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელზე სააგენტო 1 წლის ვადით გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას, რომელიც ავტომატურად უქმდება სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა თავშესაფრის მაძიებელ, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებზე.

სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება 6 თვის ვადაში. სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისა და საჭირო დოკუმენტის/ინფორმაციის მოპოვების მიზნით განცხადების განხილვის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 3 თვით.

სტატუსის დადგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება ავტომატურად გულისხმობს მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭებას. სტანდარტულ შემთხვევებში დროებითი ბინადრობის ნებართვა და შესაბამისი მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით. ხოლო უვადოდ გაიცემა პირზე, რომელიც გასულია საქართველოს მოქალაქეობიდან ან, რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან.

ბინადრობის მოწმობის მიღების შემდეგ მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით აიღოს სამგზავრო პასპორტი.

სამგზავრო პასპორტის მიღების მიზნით მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს ან საზოგადოებრივ ცენტრს.

მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენისა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.sda.gov.ge; www.psh.gov.ge; www.centri.gov.ge.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი