თანამემამულის სტატუსი და მოწმობა

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში; ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება ვრცელდება აღნიშნული სტატუსის მაძიებელი პირის ახლო ნათესავებზე (მეუღლე და შვილი). ასეთ შემთხვევაში მათზე არ ვრცელდება საქართველოდან წარმომავლობის ან/და მათი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დადასტურების ვალდებულება.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლის ფილიალში. უცხოეთში მყოფ პირს შეუძლია განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის მეშვეობით, ვებგვერდიდან: http://intpass.cra.ge.

სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში. სტატუსის მინიჭების შემდეგ, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიცემა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა.

შენიშვნა: უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა 20 წლამდე ასაკის პირზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20დან 65 წლამდე ასაკის პირზე–10 წლის ვადით, ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის პირზე–უვადოდ. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში მფლობელს უფლება აქვს, ახალი მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს

თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე სარგებლობს შემდეგი პრივილეგიებით:

  • სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში;
  • თუ ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღისა;
  • საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების შეტანისას მომსახურების საფასურს იხდის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეღავათიანი პირობებით;
  • უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში მიიღოს ზოგადი და უმაღლესი განათლება;
  • საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
  • შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიასპორისთვის განკუთვნილ სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მოპოვებისა და მოწმობის გაცემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე:

http://sda.gov.ge; www.psh.gov.ge.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი