ბინადრობის ნებართვა და მოწმობა

ბინადრობის ნებართვა ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია ბინადრობის ნებართვის მოქმედების პერიოდში. იგი ასევე, უფლებას იძლევა, რომ ნებართვის მფლობელმა საქართველოში მოიწვიოს უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქე.

ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს, საზოგადოებრივ ცენტრს ან სახლიდან გაუსვლელად ელექრონულად შეავსოს განაცხადი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის მეშვეობით, ვებგვერდიდან: http://sda.gov.ge. განცხადება და თანდართული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს წარედგინებათ საქართველოს სახელმწიფო ენაზე. განცხადების მიღება, ასევე შესაძლებელია ინგლისურ და რუსულ ენებზეც. ამასთან, უცხოელის პასპორტი სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:

  • შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
  • სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
  • ინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის და/ან იმ პირის ოჯახის წევრებზე, რომელსაც საქართველოში მიენიჭა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი. ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, შვილი და მშობელი; აგრეთვე, მათი მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
  • საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
  • მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;
  • სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული. ასეთი შემთხვევები განსაზღვრულია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით; სპეციალური ბინადრობის ნებართვა ასევე გაიცემა უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი; გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელზე, დროებითი ყოფნის უფლების მინიჭებიდან 5 წლის შემდეგ და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე;
  • მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელსა და შვილზე. აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში, დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;
  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვა ასევე გაიცემა მისი ოჯახის წევრებზეც. ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
  • დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი.
  • მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში და მისი ოჯახის წევრებზე.

საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ზემოაღნიშნული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, მიიღოს სხვა სახის ბინადრობის ნებართვა თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

სასწავლო, შრომითი, ოჯახის გაერთიანების, საქართველოს ყოფილი მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირის, სპეციალური, დროებითი და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა დროებითი ცხოვრების უფლებით, 6 წლამდე ვადით. ასეთი ტიპის ბინადრობის ნებართვები პირველად გაიცემა 1 წლამდე ვადით, ხოლო მისი გაგრძელება შესაძლებელია 5 წლამდე ვადით.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა უვადოდ. მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა მხოლოდ ისეთ პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით, ან რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალნენ და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან.

ბინადრობის ნებართვას გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუმცა, მომსახურების მიღება დაჩქარებულ ვადებშიც შესაძლებელია, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.sda.gov.ge; www.psh.gov.ge.

უცხოელზე, რომელმაც საქართველოში მიიღო ბინადრობის ნებართვა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს ბინადრობის ელექტრონულ მოწმობას. ბინადრობის მოწმობა არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოში მცხოვრები უცხოელის ვინაობას, მის მოქალაქეობასა და საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.

შენიშვნა: უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში ბინადრობის მოწმობის ასაღებად მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს ან საზოგადოებრივ ცენტრს.

ბინადრობის ნებართვის მოქმედება შეწყდება, თუ უცხოელი ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში ბინადრობის მოწმობის ასაღებად არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს.

ბინადრობის ნებართვისა და მოწმობის გაცემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.sda.gov.ge; www.psh.gov.ge; www.centri.gov.ge.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი