საქართველოს ვიზის კატეგორიები და ტიპები

საქართველოს ვიზა დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვაა, რომელიც გაიცემა უცხოელის სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და ადასტურებს მის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია.

საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით, უცხოელის საქართველოში მოწვევის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო დაწესებულებას და საერთაშორისო ორგანიზაციას. მოწვევა წარმოადგენს წერი- ლობითი შუამდგომლობის შემცველ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი.

საქართველოს ვიზის ტიპები

უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისთვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს, შეიძლება გაიცეს საქართველოს ვიზა ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.

ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა.

მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და აქვს მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი.

გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა მხოლოდ D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში.

საქართველოს ვიზის კატეგორიებია:

  • დიპლომატიური ვიზა – A კატეგორია;
  • სპეციალური ვიზა – B კატეგორია;
  • ორდინალური ვიზა – C კატეგორია;
  • საიმიგრაციო ვიზა – D კატეგორია;
  • ტრანზიტული ვიზა – T კატეგორია.

თითოეული კატეგორიის საქართველოს ვიზა იყოფა ქვეკატეგორიებად:

A – დიპლომატიური ვიზა

A1 კატეგორიის ვიზა გაიცემა სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო, მეგობრული ან არაოფიციალური ვიზიტით საქართველოში მომავალ სხვა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების პირველ პირებზე, უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაციების წევრებსა და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე.

A2 კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი და მათი ოჯახის წევრებზე.

A3 კატეგორიის ვიზა გაიცემა დიპლომატიურ კურიერებზე, სპეციალური დიპლომატიური მისიით საქართველოში მომავალ პირებზე.

A4 კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოს საპატიო კონსულებზე და მათი ოჯახის წევრებზე, თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

A5 კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ პირებზე, მათ შორის სამუშაო ვიზიტით საქართველოში მომავალ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ პირებზე.

B – სპეციალური ვიზა

B1 კატეგორიის ვიზა გაიცემა სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე, სამუშაო ვიზიტით საქართველოში მომავალ სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მფლობელ პირებზე, აგრეთვე აღნიშნულ პირთა თანმხლებ ოჯახის წევრებზე და სხვა თანმხლებ პირებზე;

B2 კატეგორიის ვიზა გაიცემა სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ასევე A2 კატეგორიის დიპლომატიური ვიზის მიმღებ პირთა თანმხლებ კერძო შინამუშაკებზე;

B3 კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე; საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე და მათი ოჯახის წევრებზე;.

B4 კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ პირებზე.

C – ორდინალური ვიზა

C1 კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოში ტურისტული მიზნით მომავალ პირებზე.

C2 კატეგორიის ვიზა გაიცემა ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში მომავალ პირებზე;

C3 კატეგორიის ვიზა გაიცემა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად საქართველოში მომავალ პირებზე; სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე; ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად მომავალ პირებზე; საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის/სამგზავრო გადაყვანის დროს სატვირთო/სამგზავრო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე;

C4 კატეგორიის ვიზა გაიცემა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ან გასაწევად, საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე; საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე; სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცად და რელიგიური კონტაქტების დასამყარებლად მომავალ პირებზე.

D – საიმიგრაციო

D1 კატეგორიის ვიზა გაიცემა შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებსა და კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან; უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ, გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან; “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე;

D2 კატეგორიის ვიზა გაიცემა სამეცნიერო, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით საქართველოში მომავალ პირებზე; თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე; უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სტაჟირების გასავლელად ან მოხალისედ მოემგზავრებიან; მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან;

D3 კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ პირებზე; საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებზე;

D4 კატეგორიის ვიზა გაიცემა ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე. გაიცემა პირზე, 

D5 კატეგორიის ვიზა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე.

T – ტრანზიტული ვიზა

T ტრანზიტული ვიზა გაიცემა მესამე სახელმწიფოში მიმავალ უცხოელზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიას ტრანზიტით გაივლის. ტრანზიტული ვიზის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 10 დღე.

ვიზის მიღების პროცედურები

საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში1, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე ელექტრონულ ვიზა გაიცემა, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადი წარდგენილი იქნა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − www.evisa.gov. ge-ის (E-VISA PORTAL) მეშვეობით. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე უფლებამოსილია, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცეს საიმიგრაციო ვიზა.

იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელშიც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, ვიზის მისაღებად შეუძლიათ, მიმართონ ახლომდებარე ქვეყნებში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. უცხოელებს, რომლებიც სამშობლოში არ იმყოფებიან, შეუძლიათ საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, პიროვნებას ჰქონდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი მოქმედი ვიზა ან მოქმედი ბინადრობის ნებართვა.

საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლის ფილიალები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები.

საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მოკლევადიანი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სავიზო განაცხადისა და საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − www.evisa.gov.ge-ის (E-VISA PORTAL) მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენისას ელექტრონული ვიზა გაიცემა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

D კატეგორიის (გარდა D5 კატეგორიისა) საიმიგრაციო გრძელვადიანი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სავიზო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

ვიზის ვადის გაგრძელება

საქართველოში მყოფ უცხოელს უფლება აქვს მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების (A და B კატეგორიები), აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება.

საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო, D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლის ფილიალები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები.

შენიშვნა: უცხოელს, რომელსაც წარდგენილი აქვს განაცხადი საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასევე, საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან.

ვიზის გაცემის პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდებზე: mfa.gov.ge; geoconsul.gov.ge; evisa.gov.ge.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი