ლეგალური იმიგრაცია ევროკავშირში

ევროკავშირის ქვეყნებში კანონიერად შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა, რომლის მიღება შესაძლებელია დანიშნულების ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. თუ ამ ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ევროკავშირის რომელიმე სხვა წევრი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას საქართველოში. ცალკეულ შემთხვევაში სავიზო განაცხადის რომელიმე მეზობელ ქვეყანაში გაგზავნაც შეიძლება გახდეს საჭირო, თუ იქ ფუნქციონირებს დანიშნულების ქვეყნის საკონსულო დაწესებულება.

ევროკავშირის წევრ ქვეყანაში კანონიერად შესვლა მხოლოდ ოფიციალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით არის შესაძლებელი. ამისათვის აუცილებლია, პირს ჰქონდეს:

  • მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი), რომელიც ძალაშია ევროკავშირის ქვეყნის დატოვების სავარაუდო თარიღიდან კიდევ მინიმუმ 3 თვის მანძილზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს თქვენს ევროკავშირში ყოფნის პერიოდს;
  • მოკლევადიანი ვიზა (თუ 3 თვეზე მოკლე დროით აპირებთ ევროკავშირში დარჩენას);
  • გრძელვადიანი ვიზა (თუ 3 თვეზე მეტ ხანს აპირებთ ევროკავშირში დარჩენას);
  • თქვენი ვიზიტის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი (წერილი დამსაქმებლისგან, სასწავლებლიდან, ოჯახის ან მეგობრისგან, რომელმაც მიგიწვიათ ან სხვა);
  • მტკიცებულება, რომ გაქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები ამ მოგზაურობისთვის და სამშობლოში დასაბრუნებლად.

ვიზის ტიპები და ბინადრობის ნებართვა

მოკლევადიანი (C კატეგორია) შენგენის ვიზა - მფლობელს უფლებას აძლევს 180 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღით დარჩეს და თავისუფლად გადაადგილდეს შენგენის ზონის 26 ქვეყანაში. მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაძლევდეთ შენგენის ზონაში მხოლოდ ერთხელ (single entry) ან მრავალჯერ (multiple entry) შესვლის უფლებას. ვიზის განაცხადის ფორმა რამდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი. განაცხადის ჩამოტვირთვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებგვერდზე: schengenvisa.cc. მოკლევადიანი მიზნით შენგენის ზონაში მოგზაურობისა და ყოფნის დღეების დასათვლელად ეწვიეთ ვებვერდს: http://ec.europa.eu

გრძელვადიანი ვიზა (D კატეგორია) - თუ 90 დღეზე მეტ ხანს აპირებთ ევროკავშირში დარჩენას, თქვენ დაგჭირდებათ გრძელვადიანი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ორივე დოკუმენტის აღება მოგეთხოვებათ. მოთხოვნები გრძელვადინი ვიზისთვის განსხვავდება წევრი სახელმწიფოების მიხედვით. ევროკავშირის საიმიგრაციო პორტალზე მოცემულია ინტერაქტიული რუკა: www.ec.europa.eu/immigration/tab2.do, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო ქვეყანა და იხილოთ მოთხოვნების დეტალური ჩამონათვალი. შენგენის ზონის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრძელვადიანი ვიზა უფლებას გაძლევთ, 6 თვის მანძილზე მაქსიმუმ 90 დღე იმყოფებოდეთ შენგენის ზონის ქვეყანაში. გრძელვადიანი ვიზა წარმოადგენს ბინადრობის ნებართვის მოპოვების წინაპირობას. გაითვალისწინეთ, რომ გრძელვადიანი ვიზა ავტომატურად არ გაძლევთ მუშაობის უფლებას, მუშაობის ნებართვა დამატებით უნდა მოიპოვოთ. 

ტრანზიტული ვიზა (A და B კატეგორია) მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს მოეთხოვება, როდესაც შენგენის ზონის ქვეყნის გავლით მიემგზავრება სხვა ქვეყანაში. A კატეგორიის ვიზა აეროპორტის ტრანზიტული ზონის დატოვების უფლებას არ იძლევა. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნების აეროპორტებში ტრანზიტული ვიზის აღება არ მოეთხოვებათ. B კატეგორიის ვიზა შენგენის ზონის ქვეყნებში 5 დღის განმავლობაში ავტომობილით, მატარებლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ნებართვას იძლევა.

ბინადრობის ნებართვა უნდა აიღოთ, თუ ევროკავშირის ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ჩადიხართ, როგორც მაღალკვალიფიციური მუშაკი, ანუ ევროკავშირის ე.წ. ლურჯი ბარათის მფლობელი, ან როგორც სტუდენტი, მკვლევარი, ან ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრი. ასეთ შემთხვევებში, ბინადრობის მოწმობის აღება ხდება დანიშნულების ქვეყანაში შესვლის შემდეგ.

ევროკავშირის ლურჯი ბარათი ამერიკის შეერთებული შტატების ე.წ. მწვანე ბარათის ანალოგიურია. მისი მიზანია ევროკავშირში მაღალკვალიფიციური მუშაკების მოზიდვა. დამატებითი ინფორმაცია ლურჯი ბარათის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.apply.eu/BlueCard/.

შენგენის ზონა

შენგენის ზონა თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას იძლევა ევროპის 26 ქვეყანაში. შენგენის ზონის ვიზის ან ბინადრობის მოწმობის მფლობელებს საშუალება აქვთ, თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ზონის ქვეყნებში.

შენიშვნა: შენგენის ზონა და ევროკავშირი ერთი და იგივე არ არის. შენგენის ზონა მოიცავს ისეთ ქვეყნებს (ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია), რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან და არ მოიცავს ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს (იხ. ქვემოთ).

შენგენის ზონის 26 ქვეყანაა

ავსტრია ნორვეგია
ბელგია პოლონეთი
გერმანია პორტუგალია
დანია საფრანგეთი
ესპანეთი საბერძნეთი
ესტონეთი სლოვაკეთი
ისლანდია სლოვენია
იტალია უნგრეთი
ლატვია ფინეთი
ლიტვა შვედეთი
ლიხტენშტეინი შვეიცარია
ლუქსემბურგი ჩეხეთი
მალტა ჰოლანდია

ევროკავშირის წევრობის მიუხედავად, შენგენის ზონაში არ შედიან: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია. თუ ამ ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზას ან ბინადრობის მოწმობას ფლობთ, შენგენის ზონაში სამოგზაუროდ დაგჭირდებათ შენგენის ვიზის აღება. ანალოგიურად, შენგენის ვიზის მფლობელებს შეიძლება დასჭირდეთ ამ ქვეყნების ეროვნული ვიზის აღება. დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირში ლეგალური მიგრაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ევროკავშირის საიმიგრაციო პორტალზე: www.ec.europa.eu/immigration/.

ევროკავშირის დასაქმების პორტალი

დასაქმებისა და მობილობის პორტალი ევროკომისიის, პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობით 1993 წლიდან ფუნქციონირებს. პორტალის მთავარი მიზანია ერთიანი ევროპული სამუშაო ბაზრის შექმნას შეუწყოს ხელი. დღეისთვის იგი აერთიანებს 61 ათასზე მეტ სამუშაოს მაძიებლის რეზიუმესა და 1600-ზე მეტ კომპანიას, რომელიც ევროპის მასშტაბით ეძებს პროფესიონალ თანამშრომლებს.

ევროპაში ემიგრირების ან სამუშაოდ წასვლის მსურველთათვის ძიების დასაწყებად პორტალი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამისთვის უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: https://ec.europa.eu/eures/ page/homepage.

პორტალზე შესაძლებელია როგორც საკუთარი რეზიუმეს ატვირთვა, ისე არსებული ვაკანსიების გაცნობა. დამატებით, შესაძლებელია პორტალის 900-მდე მრჩევლის კონსულტაციით სარგებლობა. კონსულტანტები სამუშაოს (ასევე თანამშრომლების) მაძიებლებს აცნობენ დღეისათვის ევროპის სამუშაო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და ეხმარებიან მათი უნარების შესაბამისი სამუშაოს მოძიებაში. პორტალის ”Living & Working” სექციაში შესაძლებელია თქვენთვის საინტერესო ევროპული ქვეყნის, რეგიონისა და ქალაქისთვის დამახასიათებელი სამუშაო ბაზრის სპეციფიკის, ლეგალურად გადაადგილებისა და ცხოვრების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაც

გამარტივებული მიმოსვლა ევროკავშირსა და საქართველოს შორის

2011 წლის 1 მარტიდან ძალაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივებისა და უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმებები.

შეთანხმებამ ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიებს (პენსიონერებს, ბავშვებს, ავადმყოფებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, კულტურის დარგის წარმომადგენლებსა და სხვა პირებს) შეუმცირა ან სრულად გაუუქმა ვიზის საფასური, გაუმარტივა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზის მიღების პროცედურა და უვიზო მიმოსვლა დააწესა დიპლომატებისთვის.

უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არალეგალური მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას და განსაზღვრავს, თუ რა პროცედურების დაცვით უნდა დაბრუნდეს სამშობლოში ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები პირი.

2012 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ დაიწყეს თანამშრომლობა ე.წ. „სავიზო დიალოგის” სფეროში, რომლის საბოლოო მიზანია სავიზო პროცედურების ლიბერალიზაცია და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. „სავიზო დიალოგის” ფარგლებში საქართველო ახორციელებს ორეტაპიან სამოქმედო გეგმას (სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა). იგი გულისხმობს რეფორმების განხორციელებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაცია, თავშესაფარი, ადამიანის უფლე-26 ბები, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. 2013 წლის თებერვლიდან საქართველო აქტიურად მუშაობს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესასრულებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის გახსნა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა. იგი ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების ეფექტიან მექანიზმსა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერების საფუძველს წარმოადგენს. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, მოკლევადიანი მიზნით (ტურიზმი, საქმიანი ვიზიტი, მეგობრების ან ნათესავების მონახულება), ვიზის გარეშე იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში დარჩნენ 90 დღემდე ვადით.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა არ გულისხმობს რაიმე სახის გამარტივებულ პროცედურებს თავშესაფრის მაძიებელთათვის. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას აქვს მკაცრი რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავს თავშესაფრის მოპოვების პროცედურებს და ეფუძნება გაერო–ს 1951 წლის კონვენციას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, ვისაც „აქვს საფუძვლიანი შიში, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია, ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.” თავშესაფრის სისტემით ბოროტად სარგებლობის შემთხვევათა შემცირებისათვის ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ, უფრო შემჭიდროვებულ ვადებში განიხილონ მიღებული განაცხადები, რათა შეამცირონ სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო პროცედურების დრო. იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია თავშესაფრის სისტემის მიზანსა და მოთხოვნებზე, მათი განაცხადები სტატუსის მინიჭების თაობაზე ხშირ შემთხვევებში არ შეესაბამება რეგულაციებით დადგენილ ნორმებს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე დადებითი გადაწყვეტილების წილი საკმაოდ დაბალია და 2014 წელს მხოლოდ 4% შეადგინა.

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას. ასოცირების შეთანხმების მიზანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა. ეს ურთიერთობა ემყარება საერთო ღირებულებებს და გულისხმობს ისეთი სფეროების განვითარებასა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას, როგორებიცაა: მიგრაციის მართვა, თავშესაფარი, საზღვრის მართვა, თავისუფალი ვაჭრობა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, განათლება და სხვა.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი