არალეგალური მიგრაციის საფრთხეები

თუ საზღვარგარეთ წასვლას აპირებთ, გამგზავრებამდე აუცილებლად შეამოწმეთ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამისა თუ სამუშაოს ნამდვილობა და მიიღეთ უსაფრთხოების ზომები. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

შენიშვნა:
  • ყოველთვის გადაამოწმეთ ორგანიზაციები, რომლებიც გთავაზობენ დახმარებას საზღვარგარეთ დასაქმებაში, სწავლაში, სტაჟირებაში ან საცხოვრებლად გადასვლაში;
  • ვიზის მისაღებად პირადად მიმართეთ დანიშნულების ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას;
  • ნუ გადასცემთ თქვენს პასპორტს ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას;
  • წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს პირობები. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები;
  • გაითვალისწინეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ მუშაობის დაწყებას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე.

 

არალეგალური მიგრაციის ძირითადი გზებია: ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), საზღვრის უკანონო კვეთა, ადამიანის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა და ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდგომ დარჩენა. როდესაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა მიგრანტთა თანხმობით ხდება, კრიმინალური დაჯგუფებები გარკვეული საფასურის სანაცვლოდ უზრუნველყოფენ ადამიანების იმ ქვეყანაში გადაყვანას, რომლის მოქალაქეები არ არიან და არც ლეგალურად შესვლისთვის საჭირო დოკუმენტაცია გააჩნიათ. ასეთ შემთხვევებში კრიმინალურ დაჯგუფებასა და მიგრანტს შორის ურთიერთობა საზღვრის გადაკვეთის შემდეგ სრულდება. თუმცა, უცხო ქვეყანაში არალეგალური სტატუსის გამო მიგრანტები შეიძლება გახდნენ 31 დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომელთაც საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს. კრიმინალური დაჯგუფებები ხშირად ბოროტად სარგებლობენ ამით და წლების განმავლობაში აიძულებენ ასეთ მიგრანტებს, ანაზღაურების გარეშე იმუშაონ და ასე დაფარონ მათი მგზავრობისთვის გაწეული ხარჯი.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მონობის თანამედროვე ფორმაა, რომელშიც ადამიანების ჩათრევა მოტყუების, ძალადობის, მუქარის ან იძულების სხვა ფორმით ხდება. ტრეფიკინგის დროს ადამიანებს ეზღუდებათ დამოუკიდებლობა, თავისუფალი გადაადგილებისა და არჩევნის უფლება და ხდებიან ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.

ადამიანით ვაჭრობის ყველაზე გავრცელებული სახეებია:

  • ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით;
  • იძულებითი შრომა სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, საოჯახო მეურნეობებსა და სხვა სექტორებში;
  • ადამიანის სხეულის ორგანოებით ვაჭრობა.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა მასშტაბებით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრიაა მსოფლიოში და მსხვილი საერთაშორისო კრიმინალური ქსელების მიერ იმართება. დღეისათვის განვითარებულ ქვეყნებში გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკისა და საზღვრის მონიტორინგის გაუმჯობესებული ტექნოლოგიების გამო, არალეგალური მიგრანტების მზარდი ნაწილი ხდება მსგავსი კრიმინალური დაჯგუფებების მსხვერპლი.

იმ შემთხვევაშიც, თუ მიგრანტი ლეგალურად იმყოფება უცხო ქვეყანაში და გადაწყვეტილი აქვს იქ ხანგრძლივად დარჩენა, უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი ვიზის ან ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლასთან ერთად მისი სამართლებრივი სტატუსი ლეგალურიდან არალეგალურზე იცვლება. არალეგალურ სტატუსს კი თან ახლავს ფიზიკურ უსაფრთხოებასა და პირად თავისუფლებასთან დაკავშირებული გაზრდილი რისკები; ამასთან ერთად, არალეგალურად მყოფნი ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის, განათლებისა და იმ სხვა საზოგადოებრივი/სოციალური მომსახურებებით, რომელიც ხელმისაწვდომია ლეგალურად მყოფი პირებისთვის. აღნიშნულის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ლეგალური სტატუსის შენარჩუნება და ლეგალური მიგრაციაა.

როგორც წესი, არალეგალური მიგრანტების საცხოვრებელი პირობები სავალალოა. ხშირად მათთვის შეუძლებელია ნორმალური ბინის დაქირავება; ხოლო ისინი, ვინც მზად არიან უზრუნველყონ არალეგალი მიგრანტები საცხოვრებლით, ძირითადად სთავაზობენ საშიშ ადგილებს არადამაკმაყოფილებელი პირობებითა და დაუცველობის დიდი რისკით.

  • თუ ვინმემ უკანონოდ შეზღუდა თქვენი თავისუფლება;
  • თუ დამსაქმებელმა ჩამოგართვათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • თუ გახდით ძალადობის მსხვერპლი.

პირველ რიგში, დაუკავშირდით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც ვალდებულია, დაიცვას თქვენი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ ლეგალურად იმყოფებით უცხო ქვეყანაში თუ არალეგალურად. სურვილის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტების გაცემა და თქვენი სამშობლოში დაბრუნება.

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომელშიც არ არის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მიმართეთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, მიგრანტთა ასოციაციებს, სათვისტომოს წარმომადგენლობას და/ან პროფკავშირებს. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამუშაო საათებში: +995 322 945 050.

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში დარეკეთ: +995 577 984 020. სამინისტროსთან დაკავშირება ელ. ფოსტითაც არის შესაძლებელი: consulinfo@mfa.gov.ge.

ტრეფიკინგის შემთხვევებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, ასევე დაუკავშირდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე: +995 322 411 714.

შენიშვნა: თუ დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან რაიმე სხვა მიზეზით აღარ ფლობთ საქართველოს მოქალაქის მოქმედ პასპორტს, ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიმართეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას და მიიღეთ შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის მეშვეობით თქვენ შეძლებთ საქართველოში დაბრუნებას.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით - სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით. საქართველოში მოქმედებს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი - ATIP Fund. ფონდთან დაკავშირება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: +995 322 116 006.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი