საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან დაკარგვის გზით.

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ნიშნავს პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას.

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება. ამისთვის პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს ან საზოგადოებრივ ცენტრს, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა პირმა – საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე განაცხადის გაკეთება ასევე შესაძლებელია დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით: http://sda.gov.ge/?page_id=5342.

დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის (მამაკაცის) შემთხვევაში - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ;
  • არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;
  • სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში განმცხადებელს შესაძლოა, მოეთხოვოს სახელის ან/და გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა 3 თვემდე პერიოდს მოიცავს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი, რაც დასტურდება პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით.

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:

  • საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ დოკუმენტის მიღებისთანავე, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას;
  • ბრძანებულების ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ პირს წარდგენილი აქვს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება ამ ქვეყნის მოქალაქეობა.

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: sda.gov.ge, psh.gov.ge, centri.gov.ge.

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა ხდება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ პირი საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო, პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;
  • თუ საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს ყალბი დოკუმენტების წარდგენით;
  • თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული აქვს საგამონაკლისო წესით).

მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, განცხადებით მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს ან საზოგადოებრივ ცენტრს. განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტები. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირი განცხადებას წარადგენს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

შენიშვნა: ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, რომელიც აღმოაჩენს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს, ამის შესახებ წარდგინებით მიმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. თუ სააგენტოსთვის სხვა სახელმწიფო ორგანოს წარდგინების გარეშე გახდება ცნობილი საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, სააგენტოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

მოქალაქეობიდან გასვლისა და დაკარგვის თაობაზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

საქართველოს მოქალაქეობიდან შეწყვეტის პროცედურებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: sda.gov.ge, psh.gov.ge, centri.gov.ge.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი