საქართველოდან ემიგრაციის ნებართვის გაცემა

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საქართველოდან სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების უფლება. თუ საქართველოს მოქალაქე დროებით მიემგზავრება საქართველოდან, მას არ სჭირდება საქართველოდან ემიგრაციის ნებართვის აღება. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მუდმივად საცხოვრებლად მიდის საზღვარგარეთ, ესაჭიროება საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ემიგრაციის ნებართვა.

ემიგრაციის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან, ქმედუნარიან მოქალაქეს. 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ემიგრაციაში მიდის თავის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად; ხოლო თუ იგი მიემგზავრება უცხოეთში მყოფ თავის კანონიერ წარმომადგენელთან და აქვს ამ უკანასკნელის თანხმობა – იგი საზღვარგარეთ მიდის სრულწლოვან ქმედუნარიან თანმხლებ პირთან ერთად.

დაინტერესებული პირი ემიგრაციის ნებართვის მისაღებად განცხადებას წარადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლის ფილიალში. ემიგრაციის ნებართვა ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში გაიცემა. ემიგრაციის ნებართვაზე განაცხადის გაკეთება ასევე შესაძლებელია დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით: http://sda.gov.ge/?page_id=8671.

განცხადებას ემიგრაციის ნებართვის გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • 2 ფოტოსურათი, ზომით 3x4;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისთვის (მამაკაცებისთვის) – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევის ან სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ;
  • არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლ(ებ)ის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ემიგრაციის ნებართვის გაცემასთან ერთად საქართველოს მოქალაქის პასპორტში სვამს შტამპს აღნიშვნით: „მუდმივი გასვლა.”

ემიგრაციის ნებართვის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: www.sda.gov.ge; www.psh.gov.ge; www.centri.gov.ge.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი