საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვა

საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის დაფიქსირება, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწარმოებენ.

შენიშვნა: სასურველია, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. თუ საქართველოს მოქალაქე 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფება საზღვარგარეთ, იგი ვალდებულია, 6 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა, დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში ან განახორციელოს ეს პროცედურა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების მეშვეობით.

საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მზრუნველს ან მეურვეს.

საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ამისთვის დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების ვებგვერდზე, შესაბამისი ელექტრონული განცხადების შევსებით: http://sda.gov.ge/?page_id=5351. განაცხადის დასადასტურებლად პირმა უნდა განახორციელოს ვიდეოზარი სააგენტოს ოპერატორთან. Skype-ის ქსელში სამსახურის სახელია: sda.gov.ge.

საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ასევე შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის მეშვვეობით: www.geoconsul.gov.ge.

დისტანციური სერვისით საკონსულო აღრიცხვის განხორციელების დეტალური ვიდეოინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://sda.gov.ge/?page_id=5351.

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირზე გაიცემა შესაბამისი საკონსულო აღრიცხვის ბარათი, რომელიც ძალაშია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ტელეფონზე: +995 322 945 050 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consulinfo@mfa.gov.ge. ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.geoconsul.gov.ge, www.sda.gov.ge, www.psh.gov.ge.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი