საქართველოს მოქალაქის პასპორტი

საზღვარგარეთ ლეგალურად გამგზავრებისთვის საქართველოს მოქალაქეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი.

საქართველოს მოქალაქის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

საქართველოს მოქალაქეები საქართველოდან გასვლისას და საზღვრის გადაკვეთისას გადიან საპასპორტო კონტროლს და პასპორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში აღინიშნება საზღვრის გადაკვეთის თარიღი.

შენიშვნა: პასპორტის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ მფლობელს.

2010 წლიდან საქართველოში გაიცემა ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია. მისი გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას. ჩვეულებრივი (არაბიომეტრიული) პასპორტისგან განსხვავებით, ბიომეტრიულ პასპორტს დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი და მასზე დატანილია მფლობე- ლის პერსონალური მონაცემები, ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდი. 2016 წლის შემოდგომიდან გაიცემა მესამე თაობის ბიომეტრიული პასპორტები, რომლებიც 2010 წლის ნიმუშის (მეორე თაობის) პასპორტებზე უფრო ძლიერი დაცვის მექანიზმებითაა აღჭურვილი. ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სისტემაზე გადასვლამ მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხი.

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს ან საზოგადოებრივ ცენტრს.

პასპორტის გაცემა

პასპორტის გაცემის მიზნით საქართველოს მოქალაქეებს ასაკის მიხედვით სხვადასხვა დოკუმენტის წარდგენა მოეთხოვებათ:

სრულწლოვანი პირი (მათ შორის 16-დან 18 წლამდე ასაკის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი)
  • პირადობის მოწმობა;
  • რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 16-დან 18 წლამდე ასაკის პირმა უნდა წარმოად­ გინოს ქორწინების დამადასტურებელი დოკუ­ მენტი;
  • ერთი ფერადი ბიომეტრიული ფოტო.
16-დან 18 წლამდე ასაკის პირი (რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის გარდა)
  • დაბადების მოწმობა;
  • პირადობის მოწმობა;
  • ერთ-ერთი მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ;
  • ერთი ფერადი ბიომეტრიული ფოტო.
16 წლამდე არასრულწლოვანი პირის (მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი
  • დაბადების მოწმობა;
  • პირადობის მოწმობა (14 წლის ასაკიდან);
  • ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ;
  • ერთი ფერადი ბიომეტრიული ფოტო.

სრულწლოვან პირზე საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა 10 წლის, ხოლო არასრულწლოვან პირზე 3 წლის მოქმედების ვადით.

შენიშვნა: უცხო სახელმწიფოს ნოტარიუსის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა) პასპორტის გაცემის თაობაზე საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შეიძლება მიიღონ ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების გარეშე.

საქართველოს მოქალაქის პასპორტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გასცემს. სააგენტოში ასევე მოქმედებს პასპორტის დაჩქარებულ ვადებში გაცემის სერვისი. შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში პასპორტის გაცემა შესაძლებელია 1-დან 10 დღემდე ვადაში. მომსახურების საფასურების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.sda.gov.ge, www.psh.gov.ge.

საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.sda.gov.ge, www.psh.gov.ge, www.centri.gov.ge.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი