სსგს-სა და ევროკავშირის პროექტ „ერთად შევეგებოთ ევროპას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

2015 წლის 27 ივნისს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის პროექტ „ერთად შევეგებოთ ევროპას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანს, ადგილობრივ თემებში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების და ევროკავშირთან დაახლოების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის ამაღლება და ხელშეწყობა წარმოადგენს.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ექსპერტ, თამარ ხურციას ხელმოწერით გაფორმდა.

„მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს „საზოგადოებრივი ცენტრების“ და პროექტ “ერთად შევეგებოთ ევროპას“ საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გამოყენებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტების თანამონაწილეობით, დაიგეგმოს და განხორციელდეს საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, მოეწყოს ევროკავშირის კინოფესტივალის დღეები და სხვა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი დაახლოების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობას. სერვისების განვითრების სააგენტო, მოხარულია, რომ საშუალება ეძლევა ჩართული იყოს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში,“- განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თვმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

თამარ ხურციას განცხადებით, ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის საშუალებით, რომელიც „საზოგადოებრივ ცენტრებს“ ესტუმრება, მოქალაქეებს გაუმარტივდებათ იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას შეეხება.

„მიმდინარე წელს ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის ავტობუსი იმოგზაურებს საქართველოს რეგიონებში და მათ შორის ესტუმრება ყველა „საზოგადოებრივ ცენტრს“ და მოქალაქეებს მივაწვდით უახლეს ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ. მოსწავლეებს გადავცემთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოცემულ წიგნს - „მოდი, გავიცნოთ ევროპა“. ახალგაზრდებისთვის ასევე მოეწყობა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „მოგზაურობა ევროპაში“ ჩვენება,“ - განაცხადა თამარ ხურციამ.

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი 1 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია, ხოლო 2 ივლისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საზოგადობრივ ცენტრში გამართა ადგილობრივ ახალგაზრდობასთან შეხვედრა.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი