საკონსულტაციო შეხვედრა: საჯარო პოლიტიკა, მიგრაცია და განვითარება

2015 წლის 28 მაისს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განვითარების ცენტრის და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით ქ. თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, რომელზეც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების და კომისიის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარედგინათ პროექტის – „საჯარო პოლიტიკა, მიგრაცია და განვითარება“ – ფარგლებში, CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები.

შეხვედრაზე განხილული იქნა საჯარო პოლიტიკის, მიგრაციისა და განვითარების ისეთი კომპონენტები, როგორიცაა: კავშირები მიგრაციასა და შრომითი ბაზრის პოლიტიკას შორის; მიგრაციის გავლენა სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე და პირიქით; განათლებისა და მიგრაციის ურთიერთკავშირი; ფულადი გზავნილების როლი და გავლენა განათლების სექტორზე; ინვესტიციების და ფინანსური სერვისების გავლენა მიგრაციის პოლიტიკაზე. სესიების მსვლელობისას გაიმართა დისკუსიები, რომლებშიც კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

პროექტი "საჯარო პოლიტიკა, მიგრაცია და განვითარება" ხორციელდება ევროკომისიის დაფინანსებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განვითარების ცენტრის მიერ მსოფლიოს ათ ქვეყანაში. საქართველოში მისი პარტნიორები არიან CRRC-საქართველო და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი