გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით“ ფარგლებში 18-22 მაისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ საერთაშორისო ექსპერტები გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოდან, ქალბატონები ბრიგიტე შმიგი და ანია ბლოკი. აღნიშნული ვიზიტისას ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც მიგრაციისა და დასაქმების საკითხებზე მუშაობენ. ორმხრივი შეხვედრებისას გერმანელი ექსპერტები გაეცნენ საქართველოში არსებულ ვითარებას და პრობლემურ საკითხებს შრომის ბაზარზე კვალიფიციური შრომითი რესურსების ფორმირების შესახებ. ექსპერტები ეწვივნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ოფისს და ადგილზე გაეცნენ თუ რა მომსახურებას სთავაზობს სახელმწიფო სამუშაოს მაძიებლებს. მოსამზადებელი შეხვედრების შემდეგ 21-22 მაისს ქ. თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა ორდღიანი სემინარი, სადაც ექსპერტებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილება საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შესახებ როგორებიცაა: შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება, შრომითი იმიგრაციის რეგულირება და სხვა. სემინარის მონაწილეებმა გერმანელ კოლეგებთან ერთად განიხილეს, თუ რა ადგილობრივი მექანიზმები არსებობს გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მიდგომების, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების საქართველოში დანერგვისათვის. ასევე გაიმართა დისკუსია საქართველოში შრომითი ბაზრის ეფექტურად მართვასთან დაკავშირებული გამოწვევების, დაბრკოლებებისა და საშუალებების შესახებ.

პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM), საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMEA).

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი