სემინარი მიგრაციის სტრატეგიის შემუშავების საკითხებზე

2015 წლის 17 აპრილს, ქ. თბილისში სასტუმრო ამბასადორში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა სემინარი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესს. შეხვედრას ესწრებოდნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი არიან მიგრაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში. შეხვედრის დროს განხილული იქნა სტრატეგიის შემუშავების დროს გამოვლენილი საჭიროებები და გამოწვევები. შეხვედრის ერთ-ერთ მიზანს ასევე წარმოადგენდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მსგავსი ტიპის სტრატეგიებზე მუშაობისას მიღებული გამოცდილების გაზიარება. პოლონეთიდან და ფინეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიერ შემუშავებული ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში (ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ფინეთი, გერმანია, მოლდოვა და სლოვაკეთი; ანგარიშის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია აქ) მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ანალიტიკური განყოფილების მკვლევარებმა წარმოადგინეს ანგარიში საქართველოში მიგრაციის სფეროს რეგულირებისა და კვლევის შესაძლებლობების შესახებ. ანგარიშში თავმოყრილია საქართველოში მიგრაციის სფეროში განხორციელებული კვლევები და, მათი ანალიზის საფუძველზე, შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები მიგრაციის პოლიტიკის განვითარების კუთხით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე ანგარიშში წარმოდგენილი მეთოდოლოგიური და თემატური რეკომენდაციების გათვალისწინება დადებით შედეგს გამოიღებს საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის შემუშავებისას.
 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი