სამუშაო შეხვედრა დაბრუნებისა და რეინტეგრაციის საკითხებზე

შრომითი მიგრაციის მართვის პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისა და წარმატებული რეინტეგრაციის საკითხებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 19-20 მარტს, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით“ ფარგლებში გაიმართა 2-დღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო ამ თემატიკას. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM), სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMEA).

სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მოწვეული იყო საერთაშორისო გამოცდილების მქონე გერმანელი ექსპერტი ბ-ნი შტეფენ ანგენენდტი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები/გამოცდილება დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბების თაობაზე.

გერმანელი ექსპერტის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა, ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის გზით, საქართველოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის პოლიტიკის შესახებ არსებული გამოწვევების, დაბრკოლებებისა და საშუალებების შესწავლა. აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრაზე გამართული დისკუსიის საფუძველზე, ექსპერტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამოქმედო ნაბიჯების შესახებ და ქართულ მხარეს წარუდგენს შესაბამისი ანგარიშის სახით.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი