საინფორმაციო კამპანია „საქართველო და ევროკავშირი - უფრო ახლოს ვიდრე გგონია“

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ENIGMMA“ („მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“) ფარგლებში, 2014 წლის სექტემბერ-ნოემბრის თვეებში ხორციელდება საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია მიგრაციის სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება საქართველოში მიგრაციის მართვის კუთხით განვითარებულ მოვლენებზე. 

იმის გარდა რომ, აღნიშნული კამპანია ეხება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას, იგი აგრეთვე, მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: ასოცირების ხელშეკრულება და მისი სამოქმედო გეგმა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, უვიზო მიმოსვლა და შესაბამისი მიგრაციული პროცესები.

კამპანია შედგება შემდეგი აქტივობებისაგან:

1. ფოტო-კონკურსი, რომელიც შედგება სამი კატეგორიისაგან: „იპოვე ევროკავშირი საქართველოში!“ და „იპოვე საქართველო ევროკავშირში!“, „რა არ იცის ევროპამ საქართველოს შესახებ?“, „მიგრაციის გამოცდილება“. კონკურსი მიმდინარეობდა 15 სექტემბრიდან - 31 ოქტომბრის ჩათვლით. დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 16 ნოემბერს. სამივე კატეგორიაში გამოვლენილი საუკეთესო ფოტოგრაფი მიიღებს პროფესიონალი ფოტოგრაფიის კურსის ვაუჩერს და ყველა ფინალისტის (4 ფოტოგრაფი თითოეულ კატეგორიაში) ფოტო დაიბეჭდება პროექტის 2015 წლის კალენდარში;

2.  მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლის 8-10 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი მიგრაციის საკითხებზე. აღნიშნული ტრენინგი განკუთვნილი იყო ყველა იმ სახელმწიფო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლისთვის, რომელსაც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია აერთიანებს;

3. საინფორმაციო ღონისძიება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავს დისკუსიას ასოცირების ხელშეკრულებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ გაიმართება 15 ნოემბერს, 11:00–დან - 15:30 საათამდე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (I კორპუსი, I სართული, ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია). აღნიშნულ ღონისძიებას ინფორმაციის მოპოვების/შეგროვების ფორმატი აქვს. ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვები. მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მოწვეულია, რათა გაგვიზიაროს თავისი ქვეყნის გამოცდილება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში. აღნიშნული ღონისძიების მთავარი სამიზნე აუდიტორიაა: სტუდენტები, საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოება და ყველა სხვა პირი, რომელიც დაინტერესებულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებით და მიგრაციის სფეროში განვითარებული მოვლენებითა და პერსპექტივებით;

4. არაფორმალური საზოგადოებრივი ღონისძიება ტარდება კვირას, 16 ნოემბერს, 11:00დან - 17:00 საათამდე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სარკეებიან დარბაზში. ღონისძიება განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებისა და მოცეკვავეების ნომრები, „ENIGMMA“-ს ფოტო-კონკურსში გამარჯვებულთა ნამუშევრები და გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია, საინფორმაციო თამაშები და თავსატეხები ახალგაზრდა მონაწილეთათვის. აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ევროკავშირში გაცვლითი სასწავლო პროგრამების და ასევე ზოგადი ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ. ღონისძიებას წაიყვანს, თეატრთმცოდნე ნიკა წულუკიძე.
 

დამატებითი ინფორმაცია

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი