მიგრაციის სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესი დაიწყო

დღესდღეობით, მიგრაციის საფუძვლების სწავლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს; არ არსებობს ყოვლისმომცველი საერთაშორისო მიგრაციის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, რომელიც მიგრაციას დისციპლინათაშორის კონტექსტში განიხილავდა. სწორედ ამ თემას მიეძღვნა 2014 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში გამართული შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც მიგრაციის საკითხების კვლევითა და სწავლებით არიან დაკავებულნი. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები სახელმძღვანელოს სტრუქტურისა და დანიშნულების შესახებ. აღინიშნა, რომ სახელმძღვანელო გამიზნული იქნება არა მარტო უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისთვის, არამედ მიგრაციის სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვისაც. შესაბამისად, სახელმძღვანელოს მიზანია, რაც შეიძლება სრულყოფილად წარმოაჩინოს მიგრაციის ფენომენთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, რომლებიც ასევე საინტერესო იქნება რიგითი მკითხველისთვისაც.
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან ერთად კოორდინაციას გაუწევს სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესს და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას მის შექმნაში. სახელმძღვანელოს პირველადი ვერსიის დასრულება დაგეგმილია 2015 წლის ზაფხულისთვის.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი