ცირკულარული მიგრაციის საცდელი სქემის მონაწილეებისათვის მოსამზადებელი პერიოდი იწყება

ცირკულარული მიგრაციის საცდელი პროექტის მონაწილეებისათვის გერმანიაში გამგზავრებისთვის საჭირო მოსამზადებელი ტრენინგები იწყება. პროექტს ახორციელებს საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან/მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისის სამდივნოსთან თანამშრომლობით.
გერმანიაში დასაქმების მიზნით, პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნა 30-ზე მეტი მონაწილე საექთნო და ტურიზმის სფეროებიდან. გერმანიაში დასაქმება და გადამზადება მონაწილეებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ კვალიფიკაცია და უფრო მოთხოვნადი გახდნენ საქართველოს შრომის ბაზარზე. გამგზავრებამდე მათთვის დაგეგმილია მოსამზადებელი კურსების გავლა.
მოსამზადებელი კურსები ძირითადად გერმანული ენის დაუფლებას მოიცავს. მონაწილეები გერმანულ ენას 6 თვის მანძილზე გოეთეს ინსტიტუტში შეისწავლიან. კურსი მოიცავს, როგორც ზოგად ნაწილს, ასევე პროფესიულ ლექსიკას და კულტურათაშორისი კომპეტენციების გაღრმავებას. შედეგად, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაეუფლონ გერმანულ ენას, რაც მათი პროფესიების მიხედვით გერმანიაში სამუშაოს წარმატებით შესრულების აუცილებელი წინაპირობაა. გარდა ამისა, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მონაწილეთა წარმატებული ინტეგრაცია სამუშაო პროცესში გერმანიაში, გამგზავრებამდე მათ ჩაუტარდებათ ერთკვირიანი პროფესიული გადამზადების კურსები.
ცირკულარული მიგრაციის საცდელი სქემა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივის ფარგლებში მიგრაციის, როგორც მდგრადი განვითარების საშუალების წარმოჩენა. პროექტს ახორციელებს საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM) (რომელიც ერთობლივად იმართება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს მიერ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან / მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოთან და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან (GSMEA) ერთად.
მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციის სქემის გარდა, პროექტის აქტივობები მოიცავს დიასპორის მობილიზებას, ბიზნეს იდეების განვითარების ხელშეწყობისა და რეინტეგრაციის კუთხით მხარდაჭერის ჩათვლით.

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით: Project fact sheet (ინგლ).

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი