გერმანია - საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის საცდელი სქემის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა შეთანხმებას პარტნიორობის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა (იუსტიციის სამინისტრო) და საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრს შორის (CIM). ევროკავშირის დაფინანსებითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზების გზით“ – პარტნიორები არიან, საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM), სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია. პროექტი განსაზღვრულია 36 თვეზე და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა - საქართველოსა და გერმანიას შორის ორი ქვეყნის შრომითი ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საცდელი სქემის ტესტირება ცირკულარული შრომითი მიგრაციის კუთხით; საქართველოს სახელმწიფო მართვის სფეროს მოხელეთა მხარდაჭერა განვითარებასა და მიგრანტებზე ორიენტირებული მიდგომის შესამუშავებლად, რაც გულისხმობს მიგრანტთა მიმოსვლის ხელშეწყობას ინტელექტის გადინების გარეშე; დიასპორის მობილიზება საქართველოში დაბრუნების, დასაქმებისა და ბიზნეს–პროექტების წამოწყების მხარდაჭერა; სახელმძღვანელო პრინციპებისა და კარგი პრაქტიკის მაგალითების შემუშავება სხვა ინიციატივებისათვის;

მოცემულ ეტაპზე, პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული ცირკულარული სქემის მონაწილეთა შერჩევას. პროცესს გერმანული მხარე - საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM) – წარმართავს. მონაწილეთა შერჩევა მოხდება საექთნო (20 კანდიდატი) და ტურიზმის (სარესტორნო/სასტუმრო საქმის სპეციალისტები, მზარეული – 20 კანდიდატი) სფეროებიდან. ამრიგად, 40 პროფესიულ კადრს საქართველოდან გერმანული ენისა და პროფესიული გადამზადების კურსების გავლის შემდეგ, დროებითი დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემა გერმანიაში, სადაც მათ დასაქმებაზე იზრუნებს გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტო.

ცირკულარული მიგრაციის საცდელი სქემა მონაწილეთა სამშობლოში რეინტეგრაციის მხარდაჭერასაც გულისხმობს, რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში გავრცელებას. ამდენად, პროექტი სარგებლის მომტანი იქნება, როგორც მიგრანტებისთვის, რადგანაც მიღებული პროფესიული გამოცდილება სამშობლოში მათი წარმატებით დასაქმების საშუალებებს გაზრდის, ასევე წარმოშობისა და დანიშნულების ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩამოთვლილ სფეროებში კვალიფიციურ კადრებს საჭიროებენ.

პროექტის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
http://migration-georgia.alumniportal.com/

განცხადებები იხილეთ ბმულებზე:
http://www.jobs.ge/76996/ და http://www.jobs.ge/76995/

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი